ტბეთის სახიფათო მოსახვევი – რა უნდა გაკეთდეს ავტოსაგზაო შემთხვევების ასარიდებლად

April 4, 2023

ავტორი: მირანდა ფუტკარაია, ლერი კოჩალიძე

ეს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი ტბეთია. აქ დაახლოებით 145 ოჯახი ცხოვრობს. სოფელი ზღვის დონიდან 1530 მეტრზე მდებარეობს და ქალაქ წალკიდან 3 კილომეტრითაა დაშორებული. სოფელში შემოსასვლელად ადამიანებს სახიფათო მოსახვევის გავლა უწევთ.

ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ გზის ამ მონაკვეთზე ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები, მათი თქმით, რამდენიმე ტრაგიკულადაც დასრულებულა. აღნიშნულ მონაკვეთზე არც ვიდეოკამერაა დამონტაჟებული და არც რაიმე გამაფრთხილებელი ან შემზღუდავი ნიშანი.

ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზიანდა  გზის პირას არსებული ეკლესია.  დღეს აქ ეკლესია ამ მდგომარეობაშია.

დავინტერესდით, არის თუ არა წალკის მერია ინფორმირებული ტბეთში არსებული სახიფათო მოსახვევის შესახებ . სოფელში მერიის წარმომადგენელმა რომან თაფლაძემ მხოლოდ ის დაგვიდასტურა, რომ ამის შესახებ იცის. ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი კი, მისი თქმით, მძღოლების დაუდევრობა ან მოყინული გზაა.

საკითხზე  საავტომობილო გზების დეპარტამენტთანაც ვცადეთ დაკაშირება, თუმცა ჩვენ ზარებს არ უპასუხეს.

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ გზებზე  დაცული იყოს უსაფრთხოება? 

საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტის, ირაკლი იზორიას თქმით, ადგილს ინსპექტირება უნდა ჩაუტარდეს, შეფასდეს არსებული ვითარება და ამის შემდეგ უნდა დაიწყოს ინფრასტრუქტურული ჩარევა. მისივე თქმით, საკითხზე საავტომობილო გზების დეპარტამენტს განცხადებით ნებისმიერმა ადგილობრივმა შეუძლია მიმართოს.

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის I კვარტალში საქართველოში 1 121 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. შედეგად, 99 ადამიანი დაიღუპა, 1 583 კი დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევებიდან 74 ქვემო ქართლის რეგიონში ფიქსირდება.