ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, ბექა ვარდოსანიძის ბინა გაჩხრიკეს – სუს-ი

January 31, 2024

ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, პრორუსული, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი ბლოგერის, ბექა ვარდოსანიძის ბინა და ავტოფარეხი გაჩხრიკეს, – ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვარდოსანძეს სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტიდან, სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან.

კერძოდ, უწყების მტკიცებით, შეტყობინებების შინაარსი შეიცავდა შემდეგს: კლუბ “ბასიანში”, “რატის ბარში” და რუსთაველის გამზირზე, საახალწლო ღონისძიებისთვის განთავსებულ სცენაზე, მიმდებარე ტერიტორიაზე და ავტომანქანებში, დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები.

„კონსერვატიული მოძრაობის“ წევრმა, გიორგი გოგიამ, სხვადასხვა შეფასებით პრორუსული და დეზინფორმაციის გამავრცელებელი ტელევიზიის, „ალტ-ინფოს“ ეთერში განაცხადა, რომ გეგმავენ, სუს-ის შენობასთან საპროტესტო აქციის გამართვას.

საკითხთან დაკავშრებით ჩვენ, “კონსერვატიული მოძრაობის” ერთ-ერთ დამფუძნებელთან, შოთა მარტინენკოსთან დაკავშირებას ვცდილობთ.

ბექა ვარდოსანიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სახით იკითხება.

გამოძიება, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსკ-ის 331-ე მუხლით მიმდინარეობს.