ტორტი მინისტრს და კულტურის (არ)ახალი ფორმები

October 14, 2022

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ტორტი წარწერით: “მადლობა თეა წულუკიანს” და სადღეგრძელოები – ასე აღნიშნეს ახალციხის დრამატული თეატრის მსახიობებმა მათთვის, კულტურის სამინისტროს მიერ მიკროავტობუსის გადაცემა, – ფაქტის ამსახველი ვიდეო მიმართვა საკუთრივ თეატრმა, Facebook გვერდზე დადო, თუმცა მოგვიანებით წაშალა. 

როგორც თეატრის ხელმძღვანელი, ლია სულუაშვილი გვეუბნება, ვიდეოს წაშლა თბილისში, ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევას უკავშირდება და ვიდეოს მოგვიანებით ისევ განათავსებენ. 

( თბილისში, ვაკის პარკში შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 13 წლის მოზარდს, დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. )

მესხეთის დრამატული თეატრის მსახიობები, კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს შენობის რეაბილიტაციასთან და ხელფასების მატებასთან ერთად, სწორედ მიკროავტობუსის გადაცემას სთხოვდნენ, რადგან მათი მტკიცებით წულუკიანი პრობლემების მოგვარებას გასულ წელს დაჰპირდა. 

ამასთან, წულუკიანმა თეატრის მსახიობების ნაწილი შანტაჟში და ულტიმატუმის ენით საუბარში დაადანაშაულა. ეს კომენტარი მან, მინისტრის საათზე, ანტონ ობოლაშვილის კითხვის პასუხად გააკეთა. კითხვა მესხეთის თეატრის შენობის რეაბილიტაციის ეხებოდა. 

მიკროავტობუსები უწყებამ 10 თეატრს გადასცა. ახალციხის დრამატული თეატრის გარდა მსგავსი შინაარსის ვიდეო გაავრცელა მესხიშვილის თეატრმაც.

თავდაპირველად ინფორმაცია “სამხრეთის კარიბჭემ” გაავრცელა.