ტრადიციულად,  მმართველი პარტიის  წარმომადგენლები ახალციხეში ადგილობრივი მედიის გარეშე

May 24, 2023

დღეს ახალციხეში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენცია გაიმართა, სადაც  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი, კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძეც ესწრებოდნენ, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი მედიისთვის არ მიუწოდებიათ და პოსტფაქტუმ გახდა ცნობილი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტიის  წარმომადგენლები ან მინისტრები რეგიონში ჩამოდიან და მედია ინფორმირებული არა არის მათი ვიზიტის შესახებ. ჩვენი რედაქცია მმართველი პარტიის ადმინისტრაციის პრესსამსახურს დაუკავშირდა კითხვებით, თუ რატომ არ აწოდებენ ადგილობრივ მედიას ინფორმაციას და რატომ აქვს ამას სისტემატიური ხასიათი ?

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ მეილი გაიგზანა ინფორმაციის გასავრცელებლად,  თუმცა ამ ჩამონათვალში იყო თუ არა ადგილობრივი მედია ინფორმაცია არ აქვთ, დაგვპირდნენ ჩვენი რედაქციის მეილის დამატებას.

”ქართული ოცნების” ოფიციალური გვერდის ინფორმაციის თანახმად  ახალციხის „ქართული ოცნების“  ორგანიზაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი უხელმძღვანელებს. დამატებითი კითხვებისთვის,  ჩვენ მერს ირაკლი ლაზარაშვილს დავუკავშირდით, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.


 მსგავსი დღესვე, კონფერენციები გაიმართება ადიგენსა და ბორჯომშიც.