ფერსაში და აგარაში მიწის უფასო რეგისტრაცია იწყება – ახალციხე

September 1, 2022

ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით მილიონ 200 ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთი კვლავ დაურეგისტრირებელია, – ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრის წარმომადგენელი გვაწვდის. მიწების რეგისტრაციის უფასო პროგრამა, მისივე განმარტებით, სწორედ ამ მიზეზით ამოქმედდა.

საჯარო რეესტრის წარმომადგენლები დღეს ახალციხეში იმყოფებოდნენ და ადგილობრივებს რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. 

ხარისხის მართვის მთავარი სპეციალისტი, ანანო კაპანაძე გვეუბნება, რომ მიმდინარე წელს იგეგმება ახალციხის სოფლებში, ფერსაში და აგარაში მიწების რეგისტრაცია, ხოლო დანარჩენ სოფლებში მცხოვრებლები მიწებს მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაირეგისტრიებენ. 

მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრა ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში გაიმართება, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში. 

აქვე გეტყვით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით, რეგისტრაციის პროგრამა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დაიწყო და 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდება.