ფშავში იორმუღანლოელ მწყემსს ეძებენ

July 30, 2021

ფშავში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრებ მწყემსს მეექვსე დღეა ეძებენ, თუმცა ამ დრომდე მისი პოვნა ვერ მოხერხდა. როგორც ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ, სამძებრო ღონისძიებებში სახელმწიფო სტრუქტურა ნაკლებად არის ჩართული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში კი გვეუბნებიან, რომ სამძებრო სამუშაოებში 30 მაშველია ჩართული.

“როგორც კი შეგვატყობინეს დავიწყეთ სამუშაოები. 30 მაშველი და დრონი გვყავს ჩართული სამძებრო ღონისძიებებში,” – გვეუბნებიან უწყებაში.

თოზუ გულმამედლი – ადგილობრივი

რამდენად იციან აღნიშნული ფაქტის შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში და არიან თუ არა ჩართულები სამძებრო ღონისძიებებში? მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ერბოწონაშვილი გვეუბნება: “თვითმმართველობის წარმომადგენლებმა რა უნდა გააკეთონ? მთაში ძებნას ხომ არ დაიწყებენ? პოლიცია ახლაც იქ არის.”

შსს-ში გვეუბნებიან, რომ გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.