ქალაქ გარდაბანში და სოფლებში, სართიჭალაში და სააკაძეში შიდა გზების რეაბილიტაცია იგეგმება – ტენდერი

January 9, 2024

ქალაქ გარდაბანში და მუნიციპალიტეტის სოფლებში, სართიჭალაში და სააკაძეში შიდა გზების რეაბილიტაცია იგეგმება, რომლისთვისაც მუნიციპალიტეტი 1 200 000-ზე მეტი ლარის დახარჯვას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

არის თუ არა გათვალისწინებული, გარდაბანში არსებული, ლესელიძის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია, სადაც მცხოვრებლები გვეუბნებიან, რომ დაზიანებული გზის პრობლემა წლებია აწუხებთ.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, რომ აღნიშნულისთვის ინფორმაცია საჯარო წესით უნდა გამოგვეთხოვა. ჩვენმა რედაქციამ უწყებას ინფორმაციის მოთხოვნით უკვე მიმართა.

რაც შეეხება სახელმწიფო შესყიდვას. დოკუმენტის მიხედვით, გარდაბნის შიდა გზების რეაბილიტაციისთვის ნახევარ მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული. სართიჭალის გზების რეაბილიტაციისთვის – 350 000-ზე მეტი და სოფელ სააკაძეში 300 000-ზე მეტი.

წინადადებების მიღება 20-25 იანვარს იწარმოებს. სამუშაოების შესრულების ვადა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეა.