“შეიძლება პოლიტიკოსებს ეხებოდეს, შეიძლება რიგით მოქალაქეებს, რომლებსაც შეგნებულად უნდათ ომის დაწყება,” – დავით ტაბატაძე

March 2, 2022

 ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

“შეიძლება პოლიტიკოსებს ეხებოდეს, შეიძლება რიგით მოქალაქეებს, რომლებსაც შეგნებულად უნდათ ომის დაწყება,” – ეს არგუმენტი მოჰყავს ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, დავით ტაბატაძეს გუშინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ბანერის შინაარსის საფუძვლად. ბანერზე წარწერა იყო “ყველა მოღალატეს და საქართველოში ომის მსურველს გელოდებით პარლამენტის წინ”.

“აქ არის საუბარი იმ ადამიანებზე, რომლებიც მოქალაქეების პროტესტს იყენებენ. მიცვივდებიან ხოლმე ყველა აქციაზე და აკეთებენ სასაცილო განცხადებებს და ქვეყანას მოუწოდებენ ომში ჩათრევისკენ. თავში მაგიტომაც მიწერია  “სირცხვილი ყველას ვისაც ქვეყანაში ომის დაწყება უნდა” – მეთქი. ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომლებიც ჩვენი ხალხის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ ცდილობენ სხვა კუთხეში მოაქციონ,” – გვეუბნება დავით ტაბატაძე. 

გარდა დავით ტაბატაძისა იგივე შინაარსის ბანერი გამოქვეყნებული ჰქონდა ბორჯომის მერს, ოთარ არბოლაშილს და ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით ზაალიშვილს. ჩვენი რედაქცია მათთან დაკავშირებასაც ცდილობს. 

გარდა სამცხე-ჯავახეთის საჯარო მოხელეებისა ბანერები სხვა მუნიციპალური ორგანოების წარმომადგენლებმაც გამოაქვეყნეს.

შეგახსენებთ რომ მას შემდეგ რაც საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამოცხადებაზე, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. პროტესტის გამოსახატად მოქალაქეები თბილისში სხვადასხვა ლოკაციებზე უკრაინის მხარდასაჭერი აქციები გაიმართა და ამავე დროულად გაპროტესტდა პრემიერის გადაწყვეტილება.