“შოკი, ტრავმა, დამწვრობა” – ახალციხეში აფეთქების შედეგად დაშავებულები თბილისში გადაიყვანეს

December 25, 2020

ახალციხეში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ორი პირის მდგომარეობა სტაბილურია. მათ შოკი, ტრავმაა და დამწვრობა აღენიშნებათ – ინფორმაციას ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გვიდასტურებენ  

“შოკი, ტრავმა და დამწვრობა აღენიშნებოდათ, მოხდა სტაბილიზაცია და გადაიყვანეს თბილისის სპეციალიზირებულ კლინიკაში,” – გვეუბნებიან ჰოსპიტალში.

აფეთქება გუშინ მრავალსართულიანი კორპუსში მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სარდაფში ბუნებრივმა აირმა გაჟონა. შემთხვევის გამო კორპუსში მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. 

მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ოჯახებს, რომლებსაც ალტერნატიული ფართი არ ჰქონდათ მერიამ მათთვის სასტუმრო გამოყო. ასეთი სულ 6 ოჯახია.

“ამ ეტაპზე გადაყვანილია 6 ოჯახი ორ სასტუმროში. მიმდინარეობს ექსპერტიზა და სანამ არ შეძლებენ სახლებში დაბრუნებას მანამდე იქნებიან სასტუმროში. ხარჯებს მერია დაფარავს,” – ამბობს მერის პირველი მოადგილე, გურამ მელიქიძე.

აფეთქების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვას ასახელებენ.

გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სამაშველო და საპატრულო პოლიცია.

შსს-ში გამოძიება ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-10 წლამდე, ან სამი წლით საქმიანობის უფლების ჩამორთმევას.