“ჩამოართვეს პირადობის მოწმობები” – სოფიო ხორგუანი, სავარაუდო ზეწოლის შესახებ საუბრობს 

October 11, 2024

“ჩამოართვეს პირადობის მოწმობები” – გახარია საქართველოსთვის რეგიონული წარმომადგენელი, სოფიო ხორგუანი, საჯარო მოხელეების, ა(ა)იპებში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულების მხრიდან, მოქალაქეებზე სავარაუდო ზეწოლაზე საუბრობს. 

კერძოდ, ხორგუანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოქალაქეებს სთხოვენ მხარდამჭერთა სიების წარდგენას პირადი მონაცემებით, პირადობის მოწმობის ასლებს და მისივე თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც ჩამოართვეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობებიც. 

ხორგუანი გეგმავს წერილით მიმართოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეგიონულ ხელმძღვანელს და მხარის სახელმწიფო რწმუნებულს, ბესიკ ამირანაშვილს, რათა მათი ჩართულობით მოხდეს მოქალაქეებზე სავარაუდო ფსიქოლოგიური ზეწოლის პრევენცია. ჩვენ რწმუნებულთან დაკავშირებას ვცდილობთ, თუმცა იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.