“ჩემო პატარა გუგულო, პატარა მატარებელო,” – როდის განაახლებს “კუკუშკა” მგზავრების გადაყვანას

October 15, 2026

“ჩემო პატარა გუგულო, პატარა მატარებელო,” – როდის განაახლებს “კუკუშკა” მგზავრების გადაყვანას

ნახეთ სიუჟეტი

ტექსტი:


“ჩემო პატარა გუგულო, პატარა მატარებელო,” – ეს საბავშვო სიმღერა ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის მატარებელს, იგივე “კუკუშკას” ეძღვნება. თუმცა უკვე წლებია “კუკუშკას” გუგუნის ხმა ამ ხეობაში აღარავის გაუგონია. უკვე 6 წელია “კუკუშკა” მგზავრებს აღარ ემსახურება.

დაკეტვიდან 6 წლის თავზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ისტორიული კ”უკუშკას” აღდგენა იგეგმება და 2026 წლის დეკემბრიდან მუშაობას განაახლებს. თუმცა, მოსახლეობა საკითხს სკეპტიკურად უყურებს, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც კობახიძემ აგვისტოდან ახალციხე-თბილისის მატარებლის რეისების აღდგენაც დაანონსა, თუმცა მატარებელი ამ მონაკვეთზე ამ დრომდე არ დადის. მეტიც, 9 ოქტომბერს, რკინიზელისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე კობახიძემ ახალციხე-თბილისის მატარებელზე კვლავ ისაუბრა, თუმცა კონკრეტული დრო აღარ დაუსახელებია. 

იმავე დღეს, ანუ 9 ოქტომბერს მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზა, ე.წ. „კუკუშკა“, დეკემბრიდან მარშრუტს დაუბრუნდება. მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, ხოლო პროექტისთვის სპეციალურად შერჩეული ვაგონების დიზაინი ბაკურიანის ბუნებრივ გარემოსა და ისტორიულ ხასიათს მოერგება. 

რა ეტაპზეა სამუშაოები, რა თანხა იხარჯება პროექტზე და კონკრეტულად როდის აღდგება არა მხოლოდ მატარებელი, არამედ თავად სარკინიგზო ხაზი, როგორც ბორჯომ-ბაკურიანის ისე – ახალციხე-თბილისის მიმართულებით? ეკონომიკის სამინისტროსგან და საქართველოს რკინიგზისგან საჯარო ინფორმაცია ორჯერ, 23 აპრილსა და 10 ივლისს გამოვითხოვეთ, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად პასუხი არც ერთმა უწყებამ არ მოგვწერა. დღეს კი უწყებებში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

ტენდერი

საქართველოს რკინიგზამ „კუკუშკას“ რეაბილიტაციისთვის 2 მილიონ 650 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. პროექტით გათვალისწინებულია მხოლოდ მატარებლის სრული რეაბილიტაცია. ჩვენთვის უცნობია თუ რა თანხა დაიხარჯება მატარებლის რელსებისთვის.

ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა 37 კილომეტრის სიგრძისაა და ექვს დასახლებულ პუნქტს დაბას, წაღვერს, ცემს, ტბას, ლიბანსა და საკოჭავს  გადის. რკინიგზის მშენებლობა 1902 წელს დასრულდა, ხოლო მისი ექსპლუატაცია 2020 წელს, პანდემიის პერიოდში შეწყდა.

რკინიგზას, ეიფელის ხიდსა და სადგურებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვთ მინიჭებული.