ცხოველთა მოყვარული 31 წლის თიკო კვალიაშვილი

March 31, 2022

ავტორები: საიდა მამედოვა, სოფიკო ქარცივაძე

31 წლის თიკო კვალიაშვილი, ცხოველთა მოყვარული და ორგანიზაცია “ენიმალ რესქიუ ჯორჯიას” დამფუძნებელია.

თიკო წალკაში დაიბადა და 12 წლამდე აქ ცხოვრობდა. მისი ოჯახის წევრების ნაწილი დღემდე წალკაში ცხოვრობს, შესაბამისად მუნიციპალიტეტში ხშირადაა და აქტიურად არის ჩართული ადგილობრივ სოციალურ საკითხებშიც.

„წალკასთან ხშირმა ურთიერთობამ გადამაწყვეტინა, მუნიციპალიტეტის ცხოველების დასახმარებლად რაიმე გამეკეთებინა. ამიტომაც დავაარსე ორგანიზაცია “ენიმალ რესქიუ ჯორჯია”.  

“წალკაში, ჩვენი კამპანიის ფარგლებში, სტერილიზაცია -კასტრაციის აქცია ჩატარდა.  გასტერილიზდა 70-მდე ცხოველი. გვქონდა შეხვედრა მოსახლეობასთან, მოვუყევით თუ რამხელა მნიშვნელობა ენიჭება ცხოველების სტერილიზაციას. აქციაში დაგვეხმარნენ სურსათის  ეროვნული სააგენტოს ადგილობრივი სამსახურის წარმომადგენლები და წალკელი ბიზნესმენი, რომელმაც უფასოდ, ორჯერ, დაგვითმო ფართი, ცხოველების დეზინფიცირება, სტერილიზაცია და ცოფზე აცრისთვის.“

ორგანიზაცია „ენიმალ რესქიუ ჯორჯია” ამ ეტაპზე თვითდაფინანსებით და დონორების მხარდაჭერით ფუნქციონირებს.

„იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობა აქტიურად მოგვმართავს, ძალიან გვინდოდა მერიის ჩართვა. ჩვენ შევთავაზეთ თანამშრომლობა, პირადად შევხდი მერის მოადგილეს, დეტალურად ავუხსენი რა მნიშვნელობა ენიჭება წალკაში მიუსაფარ ცხოველთა პოლუპაციის მართვას. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ იდეა ძალიან მოეწონათ და მათთვისაც მისაღები იყო, ფინანსების არ ქონის გამო უარი გვითხრეს დახმარებაზე,”– გვეუბნება თაკო კვალიაშვილი.

რა გეგმა აქვს წალკის მერიას მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვისა და დახმარებისთვის? კითხვით ჩვენ უწყებას მივმართეთ. აქ განმარტავენ, რომ საკუთრივ მერიას ცალკეული პროგრამა არ გააჩნია და სამხარეო ადმინისტრაცია ერთიან პროექტზე მუშაობს. 

რას გულისხმობს წალკის მერის მოადგილე ერთიან პროექტში, დაზუსტების მიზნით, ჩვენ ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დავუკავშირდით.

“ქვემო ქართლში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით მუშაობა კვლავ აქტიურად მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, რომ რეგიონის პირველი პირი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, თბილისის საკრებულოში, სწორედ გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა და პროექტის განხორციელების პროცესი ამ მიმართულებით, მისი გამოცდილების და ხედვების გათვალისწინებით წარიმართება. ყველა შესაბამისი ეტაპი დაიგეგმება ადგილობრივი  მუნიციპალიტეტის ინტერესებისა და საჭიროებების შესაბამისად – რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს – გათვალისწინებულია როგორც სახელმწიფოს ასევე, დონორი ორგანიზაციების ჩართულობა.” 

როდის აშენდება ქვემო ქართლში მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფარი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. ქვემო ქართლის  სამხარეო ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით,  საკითხზე სამუშაო შეხვედრები უნდა გაიმართოს.