ცხოვრება გარეულ ცხოველებთან ერთად – საგრანტო კონკურსის შედეგები ადიგენში

November 15, 2023

ადიგენის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების და ფერსათის მთის მიმდებარედ, გარეული ცხოველებისთვის სასმელი წყლის კონტეინერების, ზამთრისთვის საკვების მომარაგებას გეგმავენ, – ამისათვის “ასოციაცია ტოლერანტმა” გერმანიის მთავრობის, რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მხარდაჭერით, 7 გრანტი გასცა, ჯამში 15 000 ლარის ოდენობით – გამარჯვებულები 10 ნოემბერს, სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია.

როგორც კონკურსის მონაწილეები ამბობენ, მათ არაერთგზის შეუმჩნევიათ გარეული ცხოველები: ირემი, არჩვი, დათვი მათი საძოვრების და საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ.

საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია, ადიგენის სოფელ ზედუბანში მცხოვრები გურამ ბერიძე, რომელმაც 3 100 ლარად უნდა დაასუფთავოს გარემო, მოაწყოს ცხოველებისთვის სასმელი წყლის კონტეინერები და მოამრავლოს ადგილობრივი ჯიშის სხვადასხვა იშვიათი ხილის სახეობები.

ასოციაცია “ტოელრანტის” ხელმძღვანელის, ცირა მესხიშვილის თქმით, პროექტის მიზანია მაღალმთიან სოფელში მცხოვრებმა მოსახლეობამ გაიუმჯობესოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და პარალელურად დაიცვას ბუნება და გარეული ცხოველები.

პროექტს ასოციაცია ტოლერანტი “ეკორეგიონული კორიდორების პროგრამა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში ახორციელებს. სამიზნე სოფლებია: აფიეთი, ღორთუბანი, ზედუბანი, საირმე, არზნე, მლაშე, კეხოვანი, ჭელა, ჭეჭლა, ფლატე.

ამავე თემაზე: