წალკის მუნიციპალიტეტში 3 ახალი სკოლის აშენება იგეგმება – რესურსცენტრი

August 18, 2022

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

ქვეყნის მასშტაბით 80 ახალი სკოლის აშენება და 320 სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდება. 

იგეგმება თუ არა სკოლის მშნებელობა/რეაბილიტაცია წალკის მუნიციპალიტეტში? – კითხვებით ჩვენ წალკის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დავუკავშირდით. რესურცენტრის უფროსმა არსენ ჯმუხაძემ გვითხრა, რომ პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში 3 ახალი სკოლის აშენება იგეგმება, თუმცა კონკრეტულად სად, ჯერ ცნობილი არ არის. 

რესურცენტრის ინფორმაციით, წალკის მუნიციპალიტეტში სულ 32 სკოლაა. რესურცენტრის უფროსის არსენ ჯმუხაძის თქმით, ახალი სკოლის აშენების საჭიროება სოფელ ბერთაში დგას.

მისივე თქმით, წალკაში არსებული სკოლები რეაბილიტაციას საჭიროებს. ჩაუტარდება თუ არა რომელიმე მათგანს რეაბილიტაცია, რესურცენტრში ამაზე დაზუსტებით პასუხს ვერ გვცემენ. 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ სკოლებს ჩაუტარდებათ რეაბილიტაცია და რომელ რეგიონებში აშენდება ახალი სკოლა.

რაც შეეხება ბიუჯეტს,  მთავრობის ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტის ღირებულება 1 მილიარდ ლარს შეადგენს და  ჯამში 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას მოიცავს.