წალკის 22 სოფელში ზამთრის გადატანა, ბუნებრივი აირის გარეშე უწევთ

January 29, 2024

წალკის მუნიციპალიტეტის 22 სოფელში ზამთრის ცივი დღეების გადატანა, წელსაც ბუნებრივი აირის გარეშე უწევთ

რა ეტაპზეა გაზიფიცირების პროცესი წალკაში, ნახეთ სიუჟეტი

წალკის მუნიციპალიტეტის 22 სოფელი გაზიფიცირების მოლოდინშია. ზამთრის ცივი დღეების გადატანა, მათ წელსაც ბუნებრივი აირის გარეშე უწევთ. წალკაში გაზიფიცირების პროცესი დაწყებულია, მაგრამ  გაზაფხულამდე  ვერ დასრულდება. გასათბობად მოსახლეობის ნაწილი ხმელ ნაკელს და შეშას იყენებს.

წალკის სოფელ კუშში, ბუნებრივი აირის მილები 2021 წელს გაიყვანეს, თუმცა, გაზი დღემდე არ აქვთ.  მოსახლეობამ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს გაზიფიცირების დროულად დასრულების თხოვნით გასული წლის 28 დეკემბერს  წერილობით მიმართა.

კუშის გარდა გაზიფიცირების მოლოდინშია სოფელი განთიადი, ბარეთი, ოზნი, არ-სარვანი, ბერთა და სხვა. ამბობენ, რომ მათთვის  უცნობია როდის ექნებათ ბუნებრივი აირი.   გაზიფიცირების ძირითადი სამუშაოები დასრულებულია სოფელ სამებაში. სოფლის რწმუნებულის ჯულიეტა ჩხეტიანის თქმით,  “ სოფელში ცენტრალური ხაზი გაყვანილია, მაგრამ ოჯახებშია მილები დასამონტაჟებელი“ .

წალკის მერის მოადგილე ფეოხარ პარასკევოვი ჩვენთან საუბარში ამბობს,  რომ  გაზი, წალკის ჩათვლით სულ 22 სოფელშია მიყვანილი.  ციტატა : ამ წუთას გაზი მიეწოდება, წალკას, ტბეთს, დაშბაშს, თრიალეთს, კოხტას, ბეშთაშენს, იმერას, აიაზმას, სამადლოს.

მისივე თქმით, სოფ. ნარდევანში და  ახალშენში დაქსელვა გაკეთებულია, მაგრამ დაზიანება ფიქსირდება ცენტრალურ ხაზთან,  ამ დღეებში გაკეთდება. ვიცე მერის ინფორმაციით, ასევე პრობლემა ფიქსირდება კიზილ-ქილისაშიც და სოფელ  სამებაშიც. ხოლო კიდევ 9 სოფელში მიყვანილია ცენტრალური მილი, ამინდები როგორიც კი გამოვა, მანდაც დაიწყებენ დაქსელვას.

წალკის ვიცე მერი შემაფერხებელ გარემოებად უამინდობას და სიცივეებსაც ასახელებს, თუმცა ამ ფაქტორს გამორიცხავენ “სოკარ ჯორჯიაში”. კომპანიაში გვითხრეს, რომ ციტატა: „ამინდი არაფერ შუაშია, გვჭირდება ლიცენზია, რომელსაც მარეგულირებელი კომისია გასცემს, როცა გვექნება ლიცენზია დავიწყებთ განაცხადების მიღებას და აბონენტების დაერთებას.”

რაც შეეხება ვიცე მერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაზიანებასთან დაკავშირებით, კომპანიაში საკითხს ამოწმებენ.

სოკარ ჯორჯიაში ასევე გვითხრეს, რომ წალკის დარჩენილი სოფლების გაზიფიცირება სავარაუდოდ რამდენიმე თვეში დაიწყება, თუმცა ზუსტად როდის  არ დაუკონკრეტებიათ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში კი, რომელიც ლიცენზიების გაცემაზე ან მათში ცვლილებებზეა პასუხისმგებელი, გვეუბნებიან, რომ  კომპანიას მათთვის ჯერ განცხადებით არ მიუმართავს.

წალკის 43 სოფლიდან, ბუნებრივი აირი ამ დროისათვის 22  სოფელს მიეწოდება. მათ შორისაა სოფელი კოხტაც, რომელსაც გაზი ორი თვის წინ მიეწოდა.

ჩვენი რედაქცია წალკის გაზიფიცირების თემაზე მუშაობას განაგრძობს, მეტი ინფორმაციისათვის ჩვენ მხარეებს საჯარო ინფორმაციის მოწოდებისათვის მივმართეთ.