ხიდი ჩაინგრევა თუ ტენდერი გამოცხადდება – რა უფრო სწრაფად მოხდება

February 2, 2022

ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ფარეხასთან, ხიდის მიმდებარე  გზის მონაკვეთი კვლავ დაზიანებულია. ჩვენი რედაქცია საკითხზე დეკემბრის თვეშიც მუშაობდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში თითქმის ორი თვის შემდეგაც საკითხზე პასუხი უცვლელია – უწყების ცნობით, აღნიშნული ზონა მეწყრულია, რის გამოც გზა ზიანდება.  გვეუბნებიან, რომ მიმდინარეობს პროექტის შემუშავება და ტენდერს მალე გამოაცხადებენ. 

ჩვენი კითხვა, ადგილის სპეციფიკიდან გამომდინარე განიხილავენ თუ არა საკითხის განხილვის დაჩქარებას,  უპასუხოდ დატოვეს.

პრობლემის შესახებ ინფორმაცია აქვთ ახალციხის და ადიგენის მერიაშიც, თუმცა როგორც უწყებაში გვეუბნებიან მათი კომუნიკაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან მხოლოდ სიტყვიერად შედგა. 

სოფელ ფარეხასთან დაზიანებული გზის პრობლემით ჩვენი რედაქცია მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მოსახლეობამ მოგვმართა. ადგილობრივების თქმით, გარდა იმისა, რომ დაზიანებული ხიდი საფრთხეს წარმოადგენს, აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომობილები დიდი სიჩქარით მოძრაობენ, რაც გადაადგილებას კიდევ უფრო საფრთხის შემცველს ხდის. 

აქვე გეტყვით, რომ ამ ლოკაციაზე გადაჭარბებული სიჩქარის გამო ხშირად ხდება ავარიები. ამის მიუხედავად ადგილზე არ არის დამონტაჟებული სიჩქარის მაკონტროლებელი კამერა. სწორედ ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, ახალციხელმა სამოქალაქო აქტივისტებმა შექმნეს პეტიცია. იმისათვის რომ პასუხისმგებელმა ორგანომ პეტიცია განიხილოს კიდევ 273 ხელმოწერაა საჭირო.