ჯავახეთიდან 2 პირი, მათ შორის მასწავლებელია წასული რუსეთში ახალგაზრდულ ფორუმზე

March 6, 2024

ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889

რუსეთში, ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალს საქართველოდან, 30-ზე მეტი პირი შეუერთდა, რომელთაგან ორი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებია, მათ შორის მასწავლებელი, – ამის შესახებ “Ekho Kavkaza” წერს.

არსებული ინფორმაციით, ქართულ დელეგაციას, პრიმიაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს, რომელმაც სოჭის აეროპორტში გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა. “Ekho Kavkaza”-ის ინფორმაციით, ფესტივალზე საქართველოდან 35 პირი იმყოფება.

აქვს თუ არა განათლების სამინისტროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მასწავლებელი, ოკუპანტ ქვეყანაში, ფესტივალზე იმყოფება? – განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით იმ სკოლის დირექტორს, სადაც კარინე არაკელიანი ასწავლის. როგორც დირექტორმა გვითხრა, ამის შესახებ ამის ინფორმაცია არ ჰქონდა. მისივე თქმით, მასწავლებელს უხელფასო შვებულება აქვს აღებული.

“მასწავლებელმა სავარაუდოდ ოლაინ შეავსო აპლიკაცია, შემდეგ კი უფასო შვებულება აიღო და წავიდა. მე არ ვიცოდი ამის შესახებ.”

ჩვენს კითხვას: უქმნის თუ არა დისკომფორტს ის გარემოება, რომ მისი სკოლის მასწავლებელი, ოკუპანტ ქვეყანაში იმყოფება? – არ პასუხობს.

“ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალი” რუსეთში, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით იმართება. არსებული ინფორმაციით, ფესტივალზე იმყოფებიან აფხაზეთის და ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკების წარმომადგენლებიც.