სტალინს წაშლიან? – საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

January 11, 2024

საქართველოს საპატრიარქო, სამებაში წმინდა მატრონას ხატზე იმ ეპიზოდის შეცვლას გეგმავს, სადაც სტალინია გამოსახული, – ამის შესახებ ინფორმაციას საკუთრივ რელიგიური ორგანიზაცია ავრცელებს.

ინფორმაციის მიხედვით, ამისი მიზეზი არა ის პროტესტია, რომელიც სტალინის გამოსახულებას მოჰყვა, არამედ – არასაკმარისი მტკიცებულებები, რომ სტალინი წმ. მატრონას ნამდვილად შეხვდა.

“ვინაიდან სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი  წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც.

მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ  გავაკეთებთ,” – ნათქვამია განცხადებაში.

აქვე გეტყვით, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც რუსეთის ეკლესიის მიერ, წმინდანად შერაცხული, წმ. მატრონა მოსკოველის ხატზე, ერთ-ერთ ეპიზოდში სტალინია გამოსახული. აღნიშნულს საზოგადოების ნაწილის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

შეიქმნა პეტიციაც, რომლის მიხედვითაც მოქალაქეები ხატის სამებიდან გატანას ითხოვენ.

აქტივისტმა, ნატა ფერაძემ ხატს საღებავი შეასხა, რის შემდეგაც გუშინ სხვადასხვა შეფასებით პრორუსული და რუსული დეზინფორმაციის გამავრცელებელი ტელევიზიის, “ალტ-ინფოს” მხარდამჭერებმა, ფერაძეს სახლთან აქცია გამართეს.

პრორუსული პარტიის “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებმა, ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დაადასტურეს, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, სადაც სტალინიცაა გამოსახული, სამების საკათედრო ტაძარს შესწირეს.

ფოტო: სოციალური ქსელი