გამჭვირვალობის და ღიაობის ინდექსის მაჩვენებელი: ასპინძა 3% ადიგენი 8% – IDFI

January 18, 2024

ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ყველაზე დაბალი, ნულოვანი მაჩვენებელი ასპინძის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა, – ამის შესახებ საუბარია IDFI-ს კვლევაში.

კვლევის მიხედვით, ამისი მიზეზია ის, რომ მერიას უკვე წლებია არ აქვს ვებ-გევრდი, რის გამოც ასპინძის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული მმართველობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელიც (10 %) მიიღო.

ასპინძის მუნიციპალიტეტთან ერთად, კვლევის მიხედვით, რამდენიმე ნაწილში ბოლო ადგილებს ინაწილებს ადიგენის მუნიციპალიტეტიც. მაგალითად: კვლევის მიხედვით, გასულ წელს, გამჭვირვალობის და ღიაობის კრიტერიუმების ინდექსის ყველაზე დაბალი შედეგები ჩვენს რეგიონში ასპინძას (3%) და ადიგენს (8%) აქვთ.

რა პოზიცია აქვს აღნიშნულთან დაკავშირებით ასპინძის მერს, როსტომ მაღლაქველიძეს და გეგმავენ თუ არა საიტის შექმნას? – კითხვებით საკუთრივ მერს დავუკავშირდით. როგორც მან გვითხრა ვებ-გვერდის არ ქონას – გამჭვირვალობასთან კავშირს ვერ ხედავს.

“გვაქვს ფეისბუქ გვერდი და დაინტერესებული მხარეები ინფორმაციას აქ იღებენ. არ ვთვლი, რომ საიტების არ მუშაობა კავშირში იყოს გამჭვირვალობასთან. არის სხვადასხვა პლატფორმები საიდანაც დაინტერესებულ პირს შეუძლია ინფორმაციის მიღება. მიმდინარეობს ვებ-გვერდის მომზადებაზე მუშაობა,” – გვითხრა მერმა.

ასპინძის და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიები და საკრებულოებიც მოხვდა ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონეთა სიაშიც. IDFI-ს კვლევის მიხედვით, მერიების გამჭვირვალობის მაჩვენებლის ინდექსით ასპინძას 6% აქვს, ადიგენს – 12%. იგივენაირად ნაწილდება პროცენტები საკრებულოების გამჭვირვალობის ნაწილშიც.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით ადიგენის მერიასაც, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ინფორმაციის დაზუსტებას დაგვპირდნენ. მასალაც შესაბამისად განახლდება. 

კვლევაში ვკითხულობთ, რომ მოქალაქეთა მონაწილეობის  მაჩვენებელი, 2019 წლიდან 2023-მდე გაუარესდა 10 %-ით.

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 24 %-ით გაუარესდა.

ხოლო, საკრებულოს სხდომებზე მოქალაქეების დასწრების მაჩვენებელი შემცირდა 24 %-ით.