ახალციხეში 18-მა ახალმა ავტობუსმა მოძრაობა შესაძლოა მარტის თვიდან დაიწყოს

February 12, 2024

ახალციხეში 18 ახალი ავტობუსი შესაძლოა მიმდინარე კვირაში ჩამოიყვანონ, ხოლო ტრანსპორტმა მოძრაობა მარტის თვიდან დაიწყოს, – ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი გვიდასტურებს.

ჩვენ ეს კითხვა ახალციხის მერს მას შემდეგ დავუსვით, რაც ადგილობრივები დაგვიკავშირდნენ და საკითხით დაინტერესება გვთხოვეს.

სად განთავსდება ავტობუსები და გეგმავენ თუ არა კვლავ შეისყიდონ საბარგო სადგურის მიმდებარედ ტერიტორია, რომლის ყიდვასაც 3 მილიონამდე ლარად გეგმავდნენ? – ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, “ამ ეტაპზე ავტობუსებს სხვა ტერიტორიაზე დააყენებენ, პარალელურად კი აგრძელებენ ლოკაციის ძებნას.”

ცნობისთვის: “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-ს ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, ავტობუსების სადგომისთვის 2 600 000 ლარად იმ ფართის ყიდვას აპირებს, რომელიც ერთი წლის წინ შპს „სილქ როუდ ენჯინიარინგმა“ მილიონ ნახევრამდე ლარად, უკონკურენტოდ იყიდა სახელმწიფო შპს-ს შვილობილი კომპანიისგან.

აქვე გეტყვით, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის, 18 ახალი ავტობუსის შესაძენად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ხელშეკრულება “ჯი თი გრუპს” უკვე გაუფორმა. დოკუმენტის მიხედვით, თურქული წარმოების თითოეული ავტობუსისთვის კომპანიამ ნახევარ მილიონამდე (478 060) ლარი გადაიხადა.

ფოტო: ვითარება არსებულ შიდა მუნიციპალურ ტრანსპორტში