ქართველმა ექსპერტებმა პროცესში ჩართვაზე უარი განაცხადეს – სამხარაული მეგი ბაქრაძის საქმეზე

March 1, 2022

ახალციხელი მედდის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალებიდან თითქმის 1 წელი გავიდა. ჩვენი რედაქცია დაინტერესდა თუ რა არის ცნობილი და გამოძიებული შემთხვევასთან დაკავშირებით დღემდე.  ამ დრომდე გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი კვლავ დაუდგენელია.

დღეს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გვეუბნებიან, რომ ქართველმა ექსპერტებმა პროცესში ჩართვაზე უარი განაცხადეს და ახლა საკითხის შესწავლაში თურქეთიდან მოწვეული ალერგოლოგ-იმუნოლოგი ჩაერთო.

“ბიურომ მოიძია თურქი სპეციალისტი რეანიმატოლოგი და ალერგოლოგ-იმუნოლოგი რომელიც ჩაერთო პროცესში და სავარაუდოდ მალე უკვე დაიდება დასკვნა,”– გვეუბნებიან ბიუროში.

“მეგის საქმე თაროზეა შემოდებული” – გვეუბნება გარდაცვლილი მეუღლე, მანუჩარ კობახიძე

Მეგი ბაქრაძის საქმეზე პარლამენტში განცხადება სამცხის დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა გასული წლის 28 აპრილს გააკეთა, იგი სწრაფი გამოძიების აუცილებლობაზე და გარდაცვლილი ოჯახის წევრებისთვის კომპენსაციის გაცემაზე საუბრობდა. Რა ეტაპზეა კომპენსაციის საკითხი გაჟღერებიდან 10 თვის შემდეგ, ამ საკითხზე ჩვენ დეპუტატთან დაკავშირება ვცადეთ დღეს, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

გთავაზობთ ვიდეოს არქივიდან:

ჩვენი რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრძობს

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სსკ-ს 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. შსს-ში გვეუბნებიან რომ ამ დრომდე გამოძიება მიმდინარეობს და დამატებით დეტალებს არ აკონკრეტებენ. 

საკითხით დაინტერესებული იყო ასტრაზენეკაც, თუმცა როგორც გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი, ვახტანგ ბარამაშვილი გვეუბნება, ასტრაზენეკა მას შემდეგ მიიღებს ზომებს, რაც გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად გახდება ცნობილი.