რატომ არ (ვერ) ნათდება ახალციხის ციხე უკრაინის დროშის ფერებში

March 6, 2022

რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ახალციხის ციხე (რაბათის ციხე) სოლიდარობის ნიშნად, უკრაინის დროშის ფერებში განათდა, რაც ციხის ადმინისტრაციის განმარტებით არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მათ არ ამ ეტაპზე არ გააჩნიათ შესაბამისი აღჭურვილობა.

ამასთან, ციხის დირექტორის, გიორგი ნათენაძის თქმით, ციხის განათება ახალციხის მერიის კომპეტენციაა.

ახალციხის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ შესაძლოა ახალციხის მთავარი ტურისტული ობიექტი ან სხვა მუნიციპალური შენობა უკრაინის დროშის ფერებში განათდეს. განიხილება თუ არა ამ ეტაპზე ობიექტების განათება მერი არ გვპასუხობს. 

“რაბათის [ციხის] განათება რატომ? თუ განათდება სხვა ობიექტი განათდეს. შეიძლება გავანათოთ, მაგრამ ვერ ვხედავთ იმას, რომ განათება გადაგვარჩენს,”– ამბობს ლაზარაშვილი.

რაც შეეხება ფოტოს. თავდაპირველად სოციალურ ქსელში ყვითელ და ლურჯ ფერებში განათებული ახალციხის ციხე abuli club-მა გაავრცელა. ჩვენი რედაქცია მათაც დაუკავშირდა და როგორც ისინი ამბობენ, ფოტოზე 2014 წელს დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით განათებული ციხეა გამოხატული.