თავს დაზარალებულად არ მივიჩნევთ-მგფ შეწყვეტილ ორ 11 მილიონიან პროექტზე

September 6, 2022

მუნიციპალური განვითარების ფონდი გვიდასტურებს, რომ ჩინური კომპანია, რომელმაც გასულ წელს ორი 11 მილიონი ტენდერი მოიგო, სამუშოაბეი შეწყვიტა. სპორტული კომპლექსი და აუზი ახალციხესა და ზუგდიდში მუნიციპალური განვითარების  ფონდის დაფინანსებით კომპანია “ნანთონ სინძიენ ჯორჯიას” უნდა აეშენებინა, თუმცა ორივე მუნიციპალიტეტში პროექტი შეჩერებულია.

მუნიციპალური განვითარების ფონდში დღეს გვეუბნებიან, რომ აღნიშნულის გამო  “ნანთონ სანძიენ ჯორჯიას” ჯარიმა დაეკისრა. ფონდის პროგრამის ხელმძღვანელის, ბექა თორიას თქმით, მათ კომპანიისაგან პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 15 % უკან დაიბრუნეს, რაც საგარანტიო თანხას წარმოადგენდა. 

თორია ასევე გვეუბნება, რომ კომპანიისგან სანქციის სახით, ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიით გათვალისწინებული თანხაც მიიღეს, თუმცა იმის გასაგებად თუ კონკრეტულად რამდენი,  ინფორმაციის საჯარო წესით გამოთხოვა შემოგვთავაზეს. 

აქვე გეტყვით, რომ ჯამში 22 მილიონიანი ორი ტენდერიდან ჩინურ კომპანიას ხელშეკრულების შეწყვეტამდე 40 % უკვე აღებული ჰქონდა. მუნიციპალური განვითარების ფონდში თავს დაზარალებულად არ მიიჩნევს და ამბობენ, რომ ჯარიმები და უკვე შესრულებული სამუშაო ამ ხარჯს შეესატყვისება. 

ორი 11 მილიონიანი და შეწყვეტილი პროექტი ახალციხესა და ზუგდიდში — ჩინურ კომპანიაზე კომენტარს მგფ-ში ხვალ გააკეთებენ

“კომპანიას, ორივე პროექტში თანხის 40-40 % გადავუხადეთ. გადახდილი თანხა, სანქციების და ავანსის სახით სრულად არ მიგვიღია უკან, რადგან კომპანიას შესრულებული აქვს გარკვეული სამუშაოები, კარკასი არის აშენებული და ამ სამუშაოების შესრულების თანხა არ ბრუნდება უკან.” 

ჩინურმა კომპანიამ, ახალციხეში სპორტული კომპლექსის მშენებლობა  11 მილიონ 500 ათას ლარამდე თანხით, 2021 წლის აპრილში დაიწყო. რამდენიმე თვეში კი მშენებლობა შეწყვიტა და ქართული ბაზრიდან გავიდა. 

კომპანიასთან დღეისათვის ყოველგვარ კავშირს უარყოფენ ის პირებიც, რომლებიც აქ მენეჯერულ პოზიციებს იკავებდნენ. კომპანიის ყოფილი დირექტორ, დავით ცირდავა გვეუბნება, რომ მას “ნანთონ სანძიენ ჯორჯიასთან” შეხება 2021 წლის ივლისიდან აღარ აქვს. გათავისუფლებულია ფინანსური მენეჯერი ანნა გელერდავაც. 

რა ბედი ეწევა ახალციხესა და ზუგდიდში დაწყებულ მილიონიან პროექტებს და როდის იგეგემება მათი დასრულება? მგფ-ში ვერ გვიზუსტებენ, დასრულდება თუ არა პროცესი თავდაპირველად გათვლილ ვადებში. ამბობენ, რომ ეს დამოკიდებულია ახალი ტენდერის გამოცხადებასა და მის შედეგებზე.  

აქვე გეტყვით, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალციხეში მშენებარე სპორტკომპლექსის აღჭურვისთვის, ფასებისა და საჭირო ინვენტარის მოწოდების ვადების დადგენისთვის ბაზრის კვლევას ატარებს და ახალ ტენდერს სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლოს გამოაცხადებენ.