პრეზიდენტის ორი განცხადება ერთ დღეში, მათ შორის ამბასადორიალზეც

December 26, 2022

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აუქმებს ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალური ღონისძიებას, მათ შორის საქართველოს ეროვნული და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების 2022 წლის ლაურეატების დაჯილდოების სახელმწიფო ცერემონიას, მიზეზი ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ლოგისტიკური სირთულეებია, – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე წყაროს ცნობით, აღნიშნული ღონისძიებების გამართვის დრო საზოგადოებას დამატებით ეცნობება.

შეგახსენებთ, რომ დღეს ადმინისტრაციამ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, ციტატა:

“2022 წლის ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში პრეზიდენტმა მონაწილეობა არ მიიღო. საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. კონსტიტუცია სახელმწიფოში პრეზიდენტის ინსტიტუტს ანიჭებს უმაღლეს სტატუსს ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტთან მიმართებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ღონისძიებებში, მით უფრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მთავარ დიპლომატიურ კონფერენციაზე, სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების უხეში დარღვევა.

ამგვარ დარღვევას, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე და გამოიხატა ღონისძიების მასპინძლის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დროს მისი სტატუსის შესაბამისი ადგილის არგანსაზღვრაში. “

აქვე გეტყვით, რომ დღეს, 26 დეკემბერს, თბილისში გაიხსნა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, „ელჩების კონფერენცია 2022″.

როგორც “რადიო თავისუფლებას” პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეუბნებიან, იგი სტუმრებს შორის იყო, თუმცა მიზეზი, რის გამოც სალომე ზურაბიშვილი ღონისძიებაზე არ მივიდა, იყო პროტოკოლის წესების დარღვევა.