29 წელი სოხუმის დაცემიდან

September 27, 2022

ავტორი: მირანდა ფუტკარაია, ბაგრატ კარაპეტოვი

29 წლის წინ რუსეთის ქმედებების გამო საკუთარ ქვეყანაშივე დევნილად ქცეული გიორგი გოგუა დღეს საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინელ ხალხს ამხნევებს.

აფხაზეთიდან დევნილი გიორგი გოგუა წალკაში ოჯახთან ერთდ 29 წელია ცხოვრობს. მან სოხუმი 1993 წელს, ომის შედეგად დატოვა, თუმცა მისი უმცროსი ძმა სამხედრო კონფლიქტს შეეწირა. 

 წალკაში აფხაზეთიდან დევნილი სულ  280 ადამიანი ცხოვრობს. დღეის მდგომარეობით, სახელმწიფომ საცხოვრებელი ფართით მათგან 122 უზრუნველყო. მათ შორის ჩვენი სიუჟეტის გმირი არ არის. გოგუები გვეუბნებიან, რომ საცხოვრებელი წალკაში საკუთარი სახსრებით შეიძინეს. 
რატომ ვერ მოხერხდა ყველას დაკმაყოფილება საცხოვრისით? კითხვით დევნილთა სამინისტროს მივმართეთ. უწყებაში გვითხრეს, რომ “წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილი პირების შევსებული განაცხადების შესახებ ინფორმაციის მოძიება ვერ ხერხდება, რადგან ბაზაში შევსებული განაცხადების მისამართის მიხედვით ფილტრაცია შეუძლებელია”.  სამინისტროდან პასუხის უკეთ განსამარტად და დასაზუსტებლად საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ.

რაც შეეხება მუნიციპალურ პროგრამებს, გავარკვიეთ, რომ აფხაზეთიდან დევნილებისთვის წალკის მერიას სპეციალური სამიზნე პროგრამები არ აქვს. აფხაზეთიდან დევნილებისთვის სახელმწიფოს ყოველთვიური 45 ლარიანი დახმარება აქვს დაწესებული.

შეიარაღებული კონფლიქტი აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს   დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა.ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით  აფხაზეთში ომს  ამ დრომდე, დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 300 ათასი კი საკუთარ ქვეყანაში, დევნილად იქცა. 

დრამატული მოვლენები 27 სექტმებრს დასრულდა.  სოხუმის დაცემის დღეს ერთ-ერთი ვეტერანი მალხაზ ჩემია იხსნებს.   ის ომში მოხალისედ წავიდა და  ბატალიონ „ორბის“ რეზერვისტი იყო. 

27 სექტემბერს, როდესაც სოხუმი რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა აფხაზმა სეპარატისტებმა აიღეს, ქალაქის მაშინდელმა მერმა ალყაში მოქცეული სოხუმის დატოვებაზე უარი თქვა. ის ტყვედ აიყავნეს და დახვრიტეს.

 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვყნებული  ინფორმაციით, 1993 წლის 27 სექტემბერს, მთავრობის სახლის დაცვას ჟიული შარტავა ხელმძღვანელობდა. ისიც სეპარატისტებმა დახვრიტეს. 

 1993 წლის  მოვლენები იყო რუსეთის ექსპანსიური პოლიტიკის მაგალითი, რომელიც საბჭოეთა კავშირის დაშლის შემდეგ არაერთგზის გამიოავლინა და რასაც ახლაც უკრაინის ომში განაგრძობს – გვეუბნება ისტორიკოსი რამაზ საყვარელიძე.