რატომ გააქირავა ასპინძის მერიამ 2022–2024 წლებში მუნიციპალური 11 უძრავი ქონება აუქციონის გარეშე? მერიაში ამბობენ, რომ 63 კვ.მ შენობა 3 ფიზიკურ პირზე 2016 წლიდან ქირავდება და აკმაყოფილებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მოთხოვნებს.
უწყებიდან მიღებულ საჯარო ინფორმაციაში, მოთხოვნის მიუხედავად არ არის დაკონკრეტებული თუ რა ტიპის ქონებაა გაქირავებული, რა დანიშნულება აქვს და ვინ არიან მოიჯარეები.
ასევე, მუნიციპალურ ორგანოში აცხადებენ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები მუნიციპალიტეტმა უკვე გაითვალისწინა.
საუბარია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშზე, რომლის მიხედვითაც, 2022–2024 წლებში ასპინძის მერიამ 11 მუნიციპალური უძრავი ქონება პირდაპირი განკარგვის წესით, აუქციონის გარეშე გააქირავა, ხოლო მხოლოდ ერთი ელექტრონული აუქციონის გზით. აუდიტის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტი გაქირავებული ქონებიდან წლიურად დაახლოებით 3 600 ლარის შემოსავალს იღებდა.
ასპინძის მერიამ 11 უძრავი ქონება აუქციონის გარეშე გააქირავა – აუდიტი (2022-24)
აუდიტი მიუთითებს, რომ მსგავსი პრაქტიკა კონკურენციის შეზღუდვისა და დამატებითი შემოსავლის დაკარგვის რისკებს ქმნის, რადგან ქონება არ გადის ღია და კონკურენტულ აუქციონს.