რატომ არ ასახა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საჯაროდ გამოთხოვილ ინფორმაციაში, 2024 წელს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დაფიქსირებული ცოფის შემთხვევა, რომელსაც ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა?
სააგენტოში განმარტავენ, რომ ქალს სავარაუდოდ ცოფით მკვდარ საკუთარ ძაღლთან ჰქონდა შეხება, რომელიც 2024 წლის თებერვალში მოკვდა, ხოლო ქალს სიმპტომები შემთხვევიდან 7 თვეში გამოუვლინდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მიუთითებს, რომ შემთხვევის შემდეგ ძაღლის ნეშტი ლაბორატორიაში გადაგზავნეს, თუმცა შემოწმება ვერ მოხერხდა, რადგან ცხოველს თავის ქალაში ტვინი აღარ ჰქონდა.
ფატალური შემთხვევა ამბროლაურში 2024 წლის აგვისტოში მოხდა, როგორც მაშინ ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, თებერვალში ქალს თავის ძაღლთან ჰქონდა კონტაქტი, რომელიც მოკვდა. ქალს კი სიმპტომები 7 თვის შემდეგ, 6 აგვისტოს გამოუვლინდა, ხოლო კლინიკას 11 აგვისტოს მიაკითხა და იმავე დღეს გარდაიცვალა.
ეს არ არის ერთადერთი განსხვავება, რომელიც სააგენტომ ჩვენთვის მოწოდებულ სტატისტიკაში დაუშვა. სააგენტომ მოგვწერა, რომ წელს გარეულ ცხოველში ცოფი არ დაფიქსირებულა, მაშინ, როდესაც 8 აპრილს უწყებამვე დაწერა, რომ წალკის მუნიციპალიტეტში ცოფი მელას დაუდასტურდა, რომელიც 4-მა ძაღლმა დაკბინა და რომლის შედეგადაც ქალაქ წალკაში კარანტინი გამოცხადდა. ამ უკანასკნელ ცდომილებასთან დაკავშირებით, დამაზუსტებელი შეკითხვების შემდეგ უწყებაში გვითხრეს რომ შეეშალათ.
წალკაში, ცოფის დადასტურების გამო, კარანტინი 8 მაისამდე გაგრძელდება – სეს
შეგვეშალა – რატომ განსხვავდება რეალობა და ცოფის სეს-ისეული სტატისტიკა ერთმანეთისაგან
რაც შეეხება საქართველოში 2024, 25 და 26 წლებში ცოფის სტატისტიკას, ის შემდეგია:
სეს-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2026 წლის 20 აპრილამდე პერიოდში, ანუ 4 თვეში საქართველოში ცოფის 4 შემთხვევა დაფიქსირდა. ოფიციალური ინფორმაციით, 2 შემთხვევა ძაღლებს და 2 – მსხვილფეხა საქონელს შორის გამოვლინდა.
რაც შეეხება 2025 წელს, უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოში ცოფის 9 შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონების მიხედვით სტატისტიკა შემდეგია:
- ქვემო ქართლი – 3 შემთხვევა;
- კახეთი – 2;
- სამეგრელო – 2;
- თბილისი – 2.
მკვეთრად მაღალია 2024 წლის მაჩვენებელი, მომდევნო ორთან შედარებით. სურსათის ეროვნული სააგენტო გვეუბნება, რომ 2024 წელს საქართველოში ცოფის 26 შემთხვევა დადასტურდა ლაბორატორიულად. 25 – ძაღლებს შორის, 1 – მსხვილფეხა ცხოველში. რეგიონების მიხედვით შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
- კახეთი – 2;
- ქვემო ქართლი – 1;
- იმერეთი – 14;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3;
- თბილისი – 6.