გაზრდილი ტარიფის გამო მთავრობა “თბილისი ენერჯისთან” შეხვედრას გეგმავს

December 3, 2020

მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის 24 თეთრით ზრდასთან დაკავშირებით „თბილისი ენერჯისთან“ შეხვედრა გაიმართება – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.

​ნათია თურნავას თქმით, მოსახლეობისთვის გაზის ტარიფი არ გაიზრდება, ხოლო კომერციულ ნაწილში კომპანიისგან მოისმენენ დასაბუთებას, თუ რამდენად აუცილებელია არსებულ ვითარებაში ტარიფის ზრდა.

„რაც შეეხება კომერციულ სექტორს, ეს არაა რეგულირებადი, თუმცა ჩვენ აუცილებლად გვექნება მათთან კომუნიკაცია დაანონსებულ ცვლილებასთან დაკავშირებით. კომპანიას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, თბილისის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ბუნებრივი აირით მომარაგება და აუცილებლად შევხვდებით, დაველაპარაკებით, გავერკვევით რამდენად დასაბუთებულია მათი ეს გეგმები და რამდენად ეყრდნობა რეალურ გარემოებებს, რამდენად ამოწურა კომპანიამ ყველა ის შიდა რესურსი და აუცილებელია ახლა, საკმაოდ რთულ ვითარებაში კომერციული გაზის ფასების გადახედვა“ – აღნიშნა თურნავამ.

​3 იანვრიდან შპს“ თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, პურის საწარმოების გარდა, ბუნებრივი გაზის ღირებულება 24 თეთრით ეზრდებათ და 1.10 ლარი ხდება.