ვიმსჯელებთ შეზღუდვების ნაადრევად შემსუბუქებაზე – გიორგი გახარია

January 28, 2021

“ფრთხილად, მაგრამ გონივრულად” – პრემიერ მინისტრის განმარტებით, 28 იანვრის მონაცემებით, კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი 4%-თან მიახლოებულია და თუ ეს მაჩვენებელი ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება, მაშინ ხელისუფლება შეზღუდვებს იმაზე ადრე მოხსნის, ვიდრე ეს დაანონსებულია.

“დღევანდელი მაჩვენებლები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას. ამიტომ, ჩვენ დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ისე როგორც ზაფხულში გავაკეთეთ, ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ”, – თქვა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნა პირველ რიგში სასწავლო დაწესებულებებს შეხება. შემდეგ კი მთავრობა ეტაპობრივად იმსჯელებს თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებაზეც.

“პირველ რიგში ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, კლასებში დაიწყონ სწავლა. რა თქმა უნდა, ამას თან ერთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედება და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ ეტაპობრივად ისე, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ეპიდემიის მართვის ის მიღწევა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ერთობლივი მუშაობის და შრომის შედეგად”

პრემიერ მინისტრმა 7 დღის განმავლობაში 4 % დადებითობის მაჩვენებლის შემთხვევაში ეკონომიკის გახსნა 26 იანვარს დააანონსა. თავდაპირველი გეგმით, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა პირველი თებერვლიდან იგეგმებოდა.