ვინ ფიქრობს მრევლზე, როდესაც მეუფე მოსმენას თანხმდება

August 4, 2021

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახურს მისი სატელეფონო საუბრების ჩაწერაზე თავად დათანხმდა. ამის შესახებ მიტროპოლიტმა TV პირველის ეთერში ისაუბრა.

„როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, აღარავინ დამკავშირებია. მე ჩავთვალე, რომ ეს შეთანხმება მაინც ძალაშია. თანახმა ვარ მოსმენაზე, მაგრამ არ ვარ თანახმა ამის გამოქვეყნებაზე, იმიტომ, რომ ეს არის კრიმინალური დანაშაული“,– ამბობს იგი.

განცხადების გაკეთების შემდეგ, ჩვენი რედაქცია მეუფე ნიკოლოზთან შემდეგ კითხვებზე პასუხის მიღებას ცდილობდა: -რატომ დასთანხმდა მოსმენებს ? -რამდენად არის დაცული იმ ადამიანების პირადი ინფორმაცია, ვინც მას როგორც სასულიერო პირს რჩევისთვის ან სატელეფონო აღსარებისთვის მიმართავს? – იცის თუ არა მრევლმა რომ მას უსმენენ? თუმცა ამ კითხვებზე მისგან პასუხი ვერ მივიღეთ. მას მთელი დღის განმავლობაში ტელეფონი გამორთული აქვს.

რამდენად გავრცელებულია სუს-თან ამ ფორმით თანამშრომლობა, ჩვენ საპატრიარქოს პრესს სამსახურის წარმომადგენელს მამა ანდრია ჯაღმაიძეს დავუკავშირდით. ანდრია ჯაღმაიძემ გვითხრა, რომ მიგვემართა მეუფე ნიკოლოზისთვის და კითხვის დასმის საშუალება არ მოგვცა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “მთავარის” დამფუძნებელმა და დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესმენების, სასულიერო პირების და ჟურნალისტების უკანონო მოსმენებსა და თვალთვალს ახორციელებს. ამას ოფიციალური დადასტურება ჯერ არ მოჰყოლია.