ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოშია

January 28, 2021

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი კავკასიური რეგიონული ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვია. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა.

საქმიანი ვიზიტის ფარგლებში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, თბილისში შეხვედრების დროს განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და რეგიონის უსაფრთხოების თემები.

“რეგიონული ტურის მიზანია მეზობელ ქვეყნებთან განიხილოს გასულ წელს სამეზობლოში განვითარებული მოვლენების, კერძოდ, საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილი ახალი ვითარება და რეგიონის განვითარების და უსაფრთხოების პერსპექტივები”.- ამბობს ალექსანდრე ღვთისიაშვილი. 

საქართველოში ვიზიტამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანში, რუსეთსა და სომხეთში იმყოფებოდა.

რუსეთში ვიზიტისას ჯავად ზარიფი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა.

“საქართველო მხარს უჭერს რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამშვიდობო პლატფორმების ჩამოყალიბებას სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი) მონაწილეობით, მაგრამ არა — რუსეთთან ერთად.” – ასე გამოეხმაურა ალექსანდრე ღვთისიაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარს იმის შესახებ, რომ რუსეთი მიესალმება ირანის, თურქეთისა და საქართველოს მისწრაფებას, წვლილი შეიტანონ მთიანი ყარაბაღის ეკონომიკის აღდგენაში. 

ღვთისიაშვილის განმარტებით, საქართველო ვერანაირად ვერ იქნება ჩართული იმ სამშვიდობო პლატფორმაში, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყანა. 

ექვსეულის პლატფორმის შესახებ თავდაპირველად ინიციატივა 2020 წლის დეკემბერში, თურქეთის პრეზიდენტმა გამოთქვა.