მაიკ პომპეოს ვიზიტის დეტალები

November 18, 2020

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე შეერთებული შტატების სახელით დაადასტურა ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი . ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დასავლელ პარტნიორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.  

“ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხი არის  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. ამის მიმართ ამერიკამ კიდევ ერთხელ გაამყარა პოზიცია, თავისი მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის და მზადყოფნა იმისთვის, რომ აქაც სამშვიდობო მოლაპარაკებები იყოს განახლებული და გაძლიერებული.”- განაცხადა პრეზიდენტმა. 

სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო მდივანს მადლობა გადაუხადა ვიზიტისთვის და მხარდაჭერისთვის.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. 

მაიკ პომპეო მეუღლესთან, სიუზენ პომპეოსთან ერთად თბილისს 17 ნოემბერს, საღამოს ეწვია. მისი ჩამოსვლის შემდეგ აშშ-ის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ:

„სახელმწიფო მდივანი აქ იმყოფება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ჩვენი საერთო ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას. სახელმწიფო მდივანი პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე“. 

მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად, ოპოზიციამ რუსთაველის გამზირზე აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეები ცოცხალ ჯაჭვს აკეთებენ. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, აქციას ორი მიზანი აქვს – სახელმწიფო მდივნის ვიზიტისადმი პატივისცემის გამოხატვა და საქართველოში არჩევნების შედგებისთვის  ყურადღების მიპყრობა.

საქართველოში ვიზიტამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საფრანგეთსა და თურქეთს ეწვია. თბილისიდან ის ისრაელში გაემგზავრება.