საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ,,ბელარუსის რესპუბლიკაში 16 აგვისტოს საქართველოდან განხორციელებულ ფრენასთან დაკავშირებით” ,,კომენტარში” საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს ინიციალებით მოიხსენიებს.
საგანგებო რეისის კითხვებს ოპოზიცია სვამს და ითხოვს – ხელისუფლებამ გაასაჯაროოს რეისის შესახებ ინფორმაცია.
როგორც სამინსიტრო განმარტავს: ,,ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მ.წ. 6 აგვისტოდან იმყოფებოდა საქართველოში.
ბოლო დღეებში ბელარუსის რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში.
გამომდინარე იქიდან რომ ბელარუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას მიღებულ იქნა გადაწყვეყილება მისი სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ”.
ამასთან სამინისტრო ბელორუსის რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებსაც აფასებს: ,,
ბელარუსის რესპუბლიკა არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში.
შესაბამისად, ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. აღნიშნულ საკითხზე ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან.
ჩვენი აზრით, აუცილებელია ბელარუსში პრობლემები გადაწყდეს მშვიდობიანად.
იმედი გვაქვს, ბელარუსი ხალხი მისი მომავლისათვის მნიშვნელოვან საკითხებს თავად, მშვიდობიანად გადაწყვეტს” – ნათქვამია განცხადებაში.