„ევროპული საქართველოს“ ახალციხის ოფისის ხელმძღვანელი, გელა დემეტრაძე “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” გადავიდა. მან თანამდებობა დღეს 20 აგვისტოს დატოვა.
გელა დემეტრაძე მიზეზად გვეუბნება, რომ „ევროპული საქართველოს“ ახალციხის ოფისის და ცენტრალური ოფისის ინტერესები თანხვედრაში არ იყო.
„თანხვედრაში არ იყო ჩვენი გუნდის და „ევროპული საქართველოს“ ცენტრალური ოფისის ინტერესები ჩვენს საარჩევნო ოლქთან მიმართებაში და მოგვიწია ასეთი გადაწყვეტილების მიღება. სავარაუდოდ მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა,“ – გვითხრა დემეტრაძემ.
გელა დემეტრაძე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გადავიდა და იგი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვაჟა ჩიტაშვილის, “ნაც. მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდამჭერი იქნება.
ჩვენ ევროპული საქართველოს პოლიტ საბჭოს წევრს, ზურა ჩილინგარაშვილს დავუკავშირდით. „გელამ გვითხრა, რომ წლებია “ნაც. მოძრაობის” მიერ დასახელებულ კანდიდატთან ვმუშაობ და მის საწინააღმდეგოდ ვერ ვიმუშავებო. რამდენიმე დღის წინ წავიდნენ ალბათ 10-12 კაცი პარტიიდან, ისინი სად გადავიდნენ არ ვიცი,“ – გვითხრა ჩილინგარაშვილმა.
ვინ იქნება გელა დემეტრაძეს ჩამნაცვლებელი ამ დროისთვის უცნობია. ჩილინგარაშვილის თქმით, ამისთვის შიდა პარტიული არჩევნები ჩატარდება.
„ევროპული საქართველოს“ რამდენიმე წარმომადგენელმა პარტია რამდენიმე დღის წინ დატოვა. ჩვენ მიერ მომზადებულ მასალაში „ნაც. მოძრაობის“ ახალციხის ბიუროს ხელმძღვანელი გვიდასტურებდა, რომ მათ მხარდამჭერთა რიგებს „ევროპული საქართველოდან“ 20-მდე პირი შეემატა.
ჩვენ „ნაც. მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, სამცხეში, ვაჟა ჩიტაშვილსაც დავუკავშირდით. “ხდება ხოლმე, რომ წინა საარჩევნო პერიოდში ადამიანები თავის პოლიტიკურ შეხედულებებს გამოხატავენ და მაჟორიტარების მიმართ იჩენენ მხარდაჭერას. ჩვენ პარტიაში გადმოსვლასთან დაკავშირებით არ მისაუბრია გელასთან, თუმცა გავიგე უთქვამს, რომ ჩემი მხარდამჭერი იქნება,”– გვითხრა ჩიტაშვილმა.
ამ დროისთვის „ევროპულ საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ წარუდგენია. ჩილინგარაშვილის თქმით, კანდიდატთა ვინაობა თვის ბოლოს გახდება ცნობილი.
ავტორი: მიშო დარბაიძე