უცხო ქვეყნის სპეც.სამსახურების მიერ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერშეტევა განხორციელდა, ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების განმარტებით, კიბერშეტევის მიზანი სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, ლუგარის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება იყო.
შსს-ს ცნობით კიბერშეტევა 1 სექტემბერს მოხდა და მოპოვებული მასალა ინტერნეტსივრცეში ფალსიფიცირებული სახით გავრცელდა.
“კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, ავთენთიკური დოკუმენტაციის ნაწილი ამჟამად ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე და მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. ამასთან ერთად, აღნიშნულ ვებ-გვერდზე ატვირთულია აშკარად ფალსიფიცირებული დოკუმენტები, რომლებიც განზრახ არის გაყალბებული საზოგადოების დაშინების, მათში დაბნეულობისა და უნდობლობის დანერგვის მიზნით.”- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით მიმდინარეობს.