17:00 სთ.
პირველადი ინფორმაციით, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მუშები სარემონტო სამუშაოებს ატარებდნენ გაზის ბალონი აფეთქდა.
TOK TV-ის გადამღებმა ჯგუფმა ადგილზე ნახა დაშავებული ადამიანები, რომელთა მდგომარეობა ზუსტდება. აფეთქება კლუბ “დეჟა-ვუს”-სთან რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების 4 ბრიგადა და სახანძრო მანქანები. ჩვენი გადამღები ჯგუფი განაგრძობს ადგილზე მუშაობას და განახლებულ ინფორმაციას მოგაწვდით.
17:10 სთ.
აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 1 ადამიანი და დაშავდა – 3. დაშავებულები გადაყვანილი არიან ალადაშვილის, ხეჩინაშვილისა და რესპუბლიკურ სავადმყოფოებში. ინფორმაცია TOK TV-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
no comment
17:53.
ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქებასთან დაკავშირებით “თბილისი ენერჯი” განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში ამბობენ, რომ პირველადი მოკვლევით აფეთქება ბუნებრივ აირს არ გამოუწვევია. “კოსტავას ქუჩაზე მომხდარი აფეთქება ბუნებრივი გაზით არ არის გამოწვეული. ფართი სადაც აფეთქება მოხდა, “თბილისი ენერჯის” აბონენტად არ არის რეგისტრირებული და გაზი საერთოდ არ მიეწოდება.
კომპანია “თბილისი ენერჯის” სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი მოკვლევის შედეგად ბუნებრივი აირით აფეთქება გამოირიცხა. კომპანია აქტიურადაა ჩართული პროცესში.”
18:00
შსს-ს პირველადი ინფორმაცით, ფილარმონიასთან, კოსტავას გამზირზე სარემონტო სამუშაოების დროს ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.
უწყების განცხადებით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ექიმები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
18:05
კოსტავას გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა – ამის შესახებ ალადაშვილის კლინიკაში, მისმა მკურნალმა ექიმმა განაცხადა.
„ჩვენთან შემოყვანილია 33 წლის მამაკაცი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შემოყვანისთანავე გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. მას აქვს დაზიანებები და დამწვრობა სახის მიდამოებში, ჭრილობები აქვს მხრის, გულ-მკერდის და კისრის არეში“, – განაცხადა ექიმმა.
18:20
მომხდარი აფეთქების გამო, გადაკეტილია კოსტავას გამზირი. ქუჩაზე შეზღუდულია საავტომობილო და ქვეითთა მოძრაობა . საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კერძო ავტომობილების მძღოლები რუსთაველის გამზირის მიმართულებით ვერ გადაადგილდებიან, რაც ავტომობილთა ნაკადების შეფერხებას იწვევს.
18:32
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, პირველადი ინფორმაციით, სადღესასწაულო ცენტრ “დეჟვუში” აფეთქება კონდიციონერის დამონტაჟებისას მოხდა. მისივე თქმით, დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არიან როგორც მუშები, ასევე გამვლელიც:
“შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აფეთქება გამოიწვია კონდიციონერის დამონტაჟებისას გაზის ბალონმა. დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით, პირველადი ინფორმაციით სავარაუდოდ ორი არის მუშა, ერთი გამვლელი და ერთი, სავარაუდოდ, “დეჟავუს” თანამშრომელი” – ამბობს ვაჟა სირაძე.