საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ღია ცის ქვეშ 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები იკრძალება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, დახურულ სივრცეში ამგვარი რეგულაცია უკვე არსებობდა ხვალიდან, 10 სექტემბრიდან კი შეზღუდვა ღია სივრცეებზეც გავრცელდება. ნათია მეზვრიშვილის თქმით, აღნიშნული რეგულაციების დაცვა მკაცრად გაკონტროლდება როგორც შრომის ინსპექტირების სამსახურის, ასევე შსს-ს მიერ.
“არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ შეიზღუდება 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები. იგულისხმება ასეთი ღონისძიებების ჩატარება ღია ცის ქვეშ, ვინაიდან დახურულ სივრცეში ასეთი რეგულაციები უკვე არსებობდა. შესაბამისად, ხვალიდან, 10 სექტემბრიდან კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობა იკრძალება” – ამბობს ნათია მეზვრიშვილი.
მისივე განმარტებით, არსებული რეგულაცია არ ვრცელდება საარჩევნო აგიტაციაზე და საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე.