გაათავისუფლეთ უკანონოდ დაკავებულები, შეწყდეს ანტიდემოკრატიული პროცესები, დამთავრდეს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები – თბილისში ბელარუსი ხალხის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ მინსკში დაკავებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის წარმომადგენლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც არჩევნების დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამობას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, ოპოზიციური შტაბის და საკოორდინაციო საბჭოს ერთერთი ლიდერის მარია კოლესნიკოვას დაკავება გაუგებარი მიზეზით მოხდა. მშვიდობიან აქციაზე ბელარუსიის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.
ბელარუსი ხალხის მხარდამჭერი აქციები საქართველოს პარალელურად მოლდოვასა და უკრაინაშიც გაიმართა. აქცია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის ეროვნული პლატფორმის მიერ იყო ორგანიზებული.
აქციაზე გაჟღერებულ პოზიციასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობამ ნეიტრალური დამოკიდებულება არჩია ბელარუსში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ. უწყებიდან საპასუხოდ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე 17 აგვისტოს დადებული განცხადება გადმოგვიგზავნეს. მათ განმეორებითაც მივმართეთ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.
ბელარუსში ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. მომიტინგეები ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას და არჩევნების ხელახლა დანიშვნას ითხოვენ. ბელარუსის ცესკოს პირველადი მონაცემებით, ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. მისმა მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი ხმების მხოლოდ 10% აიღო.