“საიას” საარჩევნო ანალიტიკოსი, ნინო ლაცაბიძე TOK TV-სთან საუბრისას ამბობს, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის და საარჩევნო ოლქის წევრის ნათესაური კავშირი იურიდიულად აკრძალული არ არის, თუმცა ნეიტრალურობის კუთხით ეს ფაქტი რისკების შემცველია.
“რეალურად კანონმდებლობაში წერია პროცედურა თუ როგორ ხდება საოლქოს დროებითი წევრის შერჩევა, თუმცა ნათესაური კუთხით ან ინტერესთა კონფლიქტის კუთხით ჩანაწერი არ გვაქვს. აქედან გამომდინარე ამას კანონდარღვევად ვერ მივიჩნევთ, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ცუდი ტონი, რადგან შესაძლოა საფრთხე შეექმნას ნეიტრალიტეტის პრინციპს. ეს შეგვიძლია მივიჩნიოთ , როგორც საკანონმდებლო ხვრელი, რადგან სასურველია, რომ იყოს ჩანაწერი, რომელიც გამორიცხავს მსგავს ინტერესთა კონფლიქტს. სხვა კუთხით ვერ შევედავებით,” – გვითხრა მარიამ ლაცაბიძემ.
საქმე ეხება ადიგენის საარჩევნო ოლქში ცესკოს მიერ დანიშნული ნეიტრალური წევრის, ქეთევან ობოლაშვილის და მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილს ახლო ნათესაურ კავშირს. ჩვენ ქეთევან ობოლაშვილსაც დავუკავშირდით.
“ჩემი და ანტონის ნათესაური კავშირი საერთოდ არ შეუშლის ხელს არჩევნების გამჭვირვალობას. მე წლებია ოლქის წევრი ვარ და დარღვევები რომ მქონდეს არც დავინიშნებოდი. გპირდებით, რომ ნეიტრალურობას დავიცავ. რადგან მე ვმუშაობ, ანტონი კანდიდატი არ უნდა იყოს ? ან მე არ უნდა ვიმუშაო ? ვფიქრობ ეს ჩვენს უფლებებს უფრო დაარღვევდა.”
ანტონ ობოლაშვილმა კი გვითხრა, რომ ქეთევან ობოლაშვილი წლებია საარჩევნო ოლქის წევრია და მის დეპუტატობის კანდიდატობას “კავშირი არ ჰქონია ქეთევანის ოლქის წევრად დანიშვნას”.
“იგი ყოველთვის იყო ამ ოლქში წევრად, მარტო წელს კი არ დანიშნულა. ჩემს კანდიდატობასთან დაკავშირებული არანაირად არ არის.”
ობოლაშვილების ნათესაური კავშირის შესახებ პროტესტი “ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის ოფისის წარმომადგენლებმა გამოთქვეს. ახალციხის საკრებულოს წევრი, ნაც. მოძრაობიდან, კობა დემეტრაძე ამბობს, რომ არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებისთვის აუცილებელია ქეთევან ობოლაშვილის სხვა დამოუკიდებელი წევრით ჩანაცვლება.
საიას კონსულტანტი, ნინო ლაცაბიძე ამბობს, რომ გასაჩივრება შესაძლებელია.
“გასაჩივრება შესაძლებელია , თუმცა რამდენად დაკმაყოფილდება სარჩელი არ ვიცი , რადგან კანონი არ კრძალავს და ამ კუთხით ვერაფერს შეცვლიან.”