ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა მიქელაძე ახალციხის ტერიტორიაზე, უკანონოდ დაწყებული მშენებლობის გამო მერიამ ორჯერ დააჯარიმა 500 და 2 000 ლარით.
საქმე ეხება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც მიქელაძემ ბენზინგასამართი სადგურის აშენება ნებართვამდე დაიწყო.
კვლევის ავტორის, თამუნა უჩიძის თქმით, მან მერიის რეაგირების შესახებ წერილი უწყებიდან რვა თვის შემდეგ მიიღო.
„ამ თემაზე ჩვენ ვმუშაობთ გასული წლის დეკემბრიდან. საკითხში იკვეთებოდა კორუფციის ნიშნები. თითქმის რვა თვის შემდეგ ახლა გავიგეთ თუ რა რეაგირება მოახდინა ახალციხის მერიამ. ბოლოს მივმართე გასულ კვირას რადგან აქამდე სულ მწერდნენ რომ სწავლობდნენ. მე გამოვითხოვე ის მასალები და დოკუმენტაციები მინიმუმ იმისთვის, რომ დავრწმუნებულიყავი მართლა სწავლობდნენ თუ არა. როგორც გაირკვა მერიას დაუჯარიმებია მამუკა მიქელაძე 500 და 2 000 ლარით.“
მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელსაც შენობა ეფარებოდა აუქციონზე გაიყიდა და მიქელაძეს პარტნიორმა იყიდა.
დეტალების გასარკვევად ჩვენ მამუკა მიქელაძეს დავუკავშირდით , თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
როდის დააჯარიმეს მიქელაძე და რატომ გაჭიანურდა რვა თვე შესწავლის პროცესი? ამ კითხვით ჩვენ მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ. მათ გვითხრეს, რომ „პერსონალური ინფორმაციაა და წერილობით უნდა მივმართოთ.“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ კვლევა მიმდინარე წლის 10 აპრილს გამოაქვეყნა.
ავტორი: მიშო დარბაიძე