კოვიდსასტუმროში, დღეის მონაცემით, 155 პაციენტია გადაყვანილი- ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სამედიცინო გუნდები მათ ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობას განაგრძობენ. მობილიზებულია, დაახლოებით, 500-მდე საწოლი იმისთვის, რომ ეს პრაქტიკა იქნეს მეტად აქტიურად გამოყენებული“, – განცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო თავისი გადადგმული ნაბიჯებით კორონავირუსის ბინაზე მკურნალობაზე გადასასვლელად ემზადება.
“კოვიდსასტუმროები გარკვეულწილად არის შუალედური ეტაპი ჰოსპიტალურ და ბინაზე მკურნალობას შორის. როგორც მოგეხსენებათ მთელ მსოფლიოში ბინაზე მკურნალობის პრაქტიკა აპრობირებულია. ჩვენ, რადგან გვქონდა შესაძლებლობა, ვარჩიეთ ჰოსპიტალური მართვა. კლინიკური გამოცდილება ბევრი დაგროვდა და დღეს უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ ჰოსპიტლის გარეთ მართვაზე”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
9 სექტემბრიდან მთავრობის გადაწყვეტილებით, 18-დან 65 წლამდე პაციენტები, რომლებსაც არ აქვთ ქრონიკული დაავადებები და ვირუსი მსუბუქი ფორმებით მიმდინარეობს, კლინიკებში 8 დღიანი დაკვირვების შემდეგ კოვიდსასტუმროებში გადაჰყავთ. კოვიდსასტუმროები ამჟამად რამდენიმე დიდ ქალაქში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მოქმედებს.
14 სექტემბრის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 2 392 პირს დაუდასტურდა. მათგან 1 369 გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოშ კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული დღიური შემთხვევები 100-ს აჭარბებს.