თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი უნდა იყოს მედიკამენტებით ინტოქსიკაცია – ამის შესახებ დღეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით განაცხადეს.
“ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევით, თამარ ბაჩალიაშვილის გვამიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში აღმოჩენილი მედიკამენტების ორგანოებში განაწილების თანაფარდობა დამახასიათებელია ნივთიერების პერორალური (პირის ღრუს) გზით და არა საინექციო გზით მიღებისთვის. პრეპარატების მოხვედრა თამარ ბაჩალიაშვილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შესაძლებელი იყო მხოლოდ საყლაპავი გზით და არა ინექციის გზით”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
როგორც უწყებაში ამბობენ, ექსპერტიზის ჩატარების მომენტისთვის, პროგრამისტის გარდაცვალებიდან დაახლოებით 4 დღე იყო გასული, ხოლო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითვე, თამარ ბაჩალიაშვილის გვამზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღინიშნება.
საგამოძიები უწყება ასევე წერს, რომ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან ამოღებულ „ბაკურიანის“ ბოთლში დარჩენილ წყლის წვეთში აღმოჩნდა ადრენორეცეპტორების და ჰისტამინური რეცეპტორების მაბლოკირებელი საშუალების კვალი.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა, 23 ივლისს კი იგი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.