ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატი, ენზელ მკოიანი, მისი ძმის, მარტუნ მკოიანის კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლას, არჩევნებში დამოუკიდებელი დეპუტატობის სტატუსით მონაწილეობას უკავშირებს და ამბობს, რომ ეს მასზე განხორციელებული წინასაარჩევნო ზეწოლაა.
„დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვარ. ამ ყველაფერს იმიტომ ჩადიან, რომ მე გადავდგე და ხელი შემიშალონ წინასაარჩევნო კამპანიაში. უკვე 1,5 თვეზე მეტია მირეკავენ და მემუქრებიან, რომ არ გახვიდე არჩევნებზე, პოლიტიკიდან წადი და ასე შემდეგ,“– გვითხრა მკოიანმა.
„ეს ჯი გაზ კომპანის“ ოფისში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დოკუმენტები დალუქა და წაიღო. კომპანია დეპუტატის ძმისაა, როგორც მკოიანი ჩვენთან საუბარში ამბობს 30 ჩანთა დოკუმენტაცია წაიღეს.
„ყველა დოკუმენტი წაიღეს, თუ როგორ შეჰყავდათ სოფელში გაზი, როგორ მიდიოდა მშენებლობა, რა ფასად იყიდეს გაზი, სოკარისგან რომ ყიდულობდნენ, რამდენად ყიდდნენ და ა.შ. 30 ჩანთა დოკუმენტები წაიღეს.“
საქმესთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მკოიანის კომპანიაში შევიდნენ მოქალაქეთა მოთხოვნის საფუძველზე და ქმედება არჩევნებთან არაფერ კავშირშია.
“გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, სადაც პოლიტიკურ ჭრილშია განხილული მიმდინარე გამოძიება, თითქოსდა საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიების დაწყება უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს, არ შეესაბამება სიმართლეს. აღვნიშნავთ, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო მოქალაქეთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე. საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ამოღებულია მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტაცია და არა კომპიუტერული ტექნიკა,“ – წერია განცხადებაში.
ასევე განცხადებაში წერია, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო სსკ-ს 180-ე და 218-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას მოტყუებით და დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდებას გულისხმობს.