ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
პარტია „დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნას“ წარმომადგენელი, წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლაზე საუბრობს. გელა კვარაცხელია, რომელსაც პარტია სამცხეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად განიხილავს, ამბობს რომ შსს-დან მიღებული ცნობა, მისი ნასამართლეობის შესახებ, ცრუ ინფორმაციას შეიცავს. მან აღნიშნულის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, გაცემულ ცნობაში მოყვანილი ინფორმაცია მის კანდიდატად დაყენებას ხელს უშლის და სამართალდამცველ ორგანოებს შეცდომის გამოსწორებისკენ მოუწოდებს.
ჩვენ დავუკავშირდით შსს-ს. უწყებაში გვითხრეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს პერსონალურ მონაცემებს და კომენტარს ვერ გააკეთებდნენ
„ეს არის პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ვერ გავასაჯაროებთ. თავად კვარცხელიამ უნდა მოგვმართოს დეტალების შესახებ,“ – გვითხრეს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
„საიას“ საარჩევნო ანალიტიკოსი, მარიამ ლაცაბიძე ამბობს, რომ ნასამართლეობა არ არის დეპუტატობის კანდიდატად დარეგისტრირების ხელის შემშლელი ბერკეტი იმ შემთხვევაში თუ პირზე არ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა.
„რეალურად ჩვენ ვერ გავიგებთ აქვს თუ არა ნასამართლეობა, გადასამოწმებელია, თუმცა ამ შემთხვევაში კანონმდებლობით არ არის ჩანაწერი, რომელიც შეუზღუდავს ნასამართლევ პირს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენას. იმ შემთხვევაში თუ სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდება შეიძლება იყოს ბარიერი, მაგრამ ფაქტი, რომ წარსულში პირი იყო ნასამართლევი დაბრკოლებას არ წარმოადგენს,“ – გვითხრა ლაცაბიძემ.