Covid-19-ის 314 ახალი შემთხვევა და 270 გამოჯანმრთელებული – მარინა ენდელაძე

September 29, 2020

StopCov.ge-ის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, რითაც გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 33-მდე გაიზარდა. 

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის თქმით, გარდაცვლილი 55 წლის ქალბატონია, რომელსაც სხვა თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდა.

„გახლავთ 55 წლის ქალბატონი მძიმე თანმხლები დაავადებებით: შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის და გულის ქრონიკული უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ორმხრივი მწვავე პნევმონია, მისი გამოყვანა ვერ მოხერხდა“ – განაცხადა ენდელაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში 3542 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 25 კრიტიკულია – 23 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მართვით სუნთქვაზე მყოფი 7 პაციენტი კი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი.

მისივე განმარტებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • აჭარა – 225
  • თბილისი -35
  • სამეგრელო – ზემო-სვანეთი – 18
  • შიდა ქართლი -9
  • სამცხე-ჯავახეთი -3
  • გურია – 1
  • ქვემო ქართლი -1

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 314 პირს დაუდასტურდა. ინფიცირებულთა რაოდენობა 5 866-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 270 ადამიანი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი კი 33-ია.