ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ერთი ადიგენის სოფელ ჭეჭლას ჯგუფს ხოლო ორი ახალქალაქის ჯგუფს მიეკუთვნება – ამის შესახებ ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსმა, გიორგი მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
“სამივე შემთხვევა არის ინფიცირებულების ძველი კონტაქტები, მათ როგორც კონტაქტებს აეღოთ ნიმუში და გუშინ გვიან ღამით დაუფიქსირდათ ვირუსი. მიმდინარეობს მათი კონტაქტების მოძიება, ნიმუშების აღება და მათი თვითიზოლაციაში ან კარანტინში გადაყვანა,” – განაცხადა მიქელაძემ.
მისი თქმით, რეგიონში სულ COVID-19-ის 40 შემთხვევაა გამოვლენილი.
კარანტინში რეგიონის მასშტაბით 195 პირი იმყოფება. 7 ახალციხის საკარანტინო სივრცეში, ხოლო დანარჩენი 188 ბაკურიანის ხუთ საკარანტინო სივრცეშია განთავსებული.
ოფიციალური ინფორმაციით, თვითიზოლაციაში მუნიციპალიტეტების მიხედვით ადიგენში -90 , ნინოწმინდაში – 98 , ბორჯომში – 7, ახალციხეში – 6 და ასპინძაში – 44 ადამიანი იმყოფება.