ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ახალციხეში კორონავირუსით ინფიცირებულის დაავადების წყარო უკვე მეხუთე დღეა უცნობია. როგორც რწმუნებულის აპარატის უფროსი, გიორგი მიქელაძე გვეუბნება, ვერსიები აქვთ, თუმცა ზუსტად დადგენილი ჯერ კიდევ არ არის.
“რაღაც ვერსიები გვაქვს, თუმცა წყარო ზუსტად ჯერ ვერ დავადგინეთ. საქმეს ისიც ართულებს, რომ პირი არ თანამშრომლობს ჩვენთან, ამბობს არსად ვყოფილვარო,” – გვითხრა მიქელაძემ.
მისივე თქმით, კონტაქტების მოძიების და ტესტირების შემდეგ ორ პირს ვირუსი გუშინ, 11 ოქტომბერს დაუდასტურდა.
ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით რეგიონში კორონავირუსის 55 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო დღეს 12 ოქტომბერს რეგიონში ვირუსი არ დაფიქსირებულა.
ასევე, ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა ახალციხეში არსებული ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიის სამ თანამშრომელს. მიქელაძე გვეუბნება, რომ ადგილობრივ ჯანდაცვას ტესტირება არ ჩაუტარებია და შესაბამისად სტატისტიკაში ვერ მოხვდა.
“საერთაშორისო კომპანიაა, ყოველ ორ კვირაში ერთხელ უტარებს თანამშრომლებს ტესტს, მოყვანილი ჰყავთ ექიმი თბილისიდან და ამიტომ ადგილობრივი ჯანდაცვის ჩარევის გარეშე ხდება. რადგან კომპანიაში არიან როგორც ადგილობრივი თანამშრომლები ასევე სხვა ქალაქიდან ჩამოსულები. ამიტომ ჩვენს სტატისტიკაში არ მოხვდა,” – გვითხრა მიქელაძემ.
მისივე თქმით, ადგილობრივმა ჯანდაცვის სამსახურმა ინფიცირებულების 35 პირდაპირი კონტაქტი შეისწავლეს, ისინი იმყოფებიან თვითიზოლაციაში და მიმდინარეობს დაკვირვება.