ავტორი: მიშო დარბაიძე , ინგა ირიციანი — 577681889
სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსი, გიორგი მიქელაძე “ქართული ოცნების” მიერ გამართულ ღონისძიებას ესწრება. უწყებაში განმარტავენ, რომ მიქელაძეს დღეს შვებულება აქვს და ამიტომაც დასწრება არ ეზღუდება.
“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ანტონ ობოლაშვილი დღეს, 12 ოქტომბერს ახალციხის ცენტრალურ პარკში ოფიციალურად წარადგინეს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” იურისტი გიორგი ჩიხლაძე გვეუბნება, რომ საჯარო და მათთან გათანაბრებულ პირებს უფლება აქვთ წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩაერთონ არასამუშაო დროს, ან იმ შემთხვევაში თუ ისინი შვებულებაში იმყოფებიან, ასევე ამბობს, რომ შვებულება უნდა განხორციელდეს კანონის დაცვით და არა გამარტივებულად.
“ზოგიერთ პირს ეკრძალება ან ზოგიერთს ეზღუდება წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის უფლება. მაგალითად საჯარო მოხელეებს, სსიპ-ების, ააიპ-ების, სკოლის მასწავლებლებს და თავად პროფესიულ საჯარო მოხელეებს არ ეკრძალება, მაგრამ ეზღუდებათ აგიტაციის გაწევა, რაც გამოიხატება იმაში, რომ მათ სამუშაო საათების განმავლობაში ეკრძალებათ აგიტაციაში მონაწილეობა. შვებულება ზეპირად არ ხდება, მას თავისი პროცედურები აქვს და უნდა იყოს დაცული ყველა ეს პროცედურა. შვებულების აღება როცა წინასაარჩევნო პერიოდია გამარტივებული და არაფორმალური გზით არ უნდა ხდებოდეს,” – გვითხრა ჩიხრაძემ.
შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა, ანტონ ობოლაშვლმა აქცენტი რეგიონში დასაქმების საკითხებზე გაამახვილა და განმარტა, რომ მათი უპირველესი ამოცანა სამუშაო ადგილების შექმნა იქნება.
“მე კარგად ვიცნობ ჩემს ქალაქს და ჩემს მუნიციპალიტეტს და ასევე კარგად ვიცი რა უნდა გავაკეთოთ რათა შევქმნათ მეტი დოვლათი მუნიციპალიტეტში. უმთავრესი ამოცანა იქნება გავაძლიეროთ ჩვენი მუნიციპალიტეტის ეკონომიკა, დავასაქმოთ მეტი ადამიანი შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი.”
შეხვედრას ესწრებოდნენ პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, კახი კალაძე, ირაკლი კობახიძე და პარლამენტის სხვა წარმომადგენლები. მათ ადგილობრივ მედიასთან საუბარი არ ისურვეს და წარდგენა უკომენტაროდ დატოვეს.