ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მოუწოდებს პოლიციას შეწყვიტოს და არ გამოყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში თავად ლომჯარიამ გაავრცელა.
„ძალის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ იმ ვითარებაში, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას! პოლიციას, ასევე, არა აქვს უფლება გამოიყენოს ძალა, თუნდაც გაფრთხილების შემდგომ, როდესაც აქცია არ სცდება კანონიერ ფარგლებს. მოვუწოდებ პოლიციას, შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ!“,– ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შსს ცესკოსთან მისული მომიტინგეების დაშლას წყლის ჭავლის გამოყენებით შეეცადა, თუმცა ამის შესახებ პოლიციას წინასწარ არ უცნობებია.
ასევე, შსს უარყოფს ცრემლსადენი გაზის გაშვებას, თუმცა ადგილზე იმყოფება TOK TV-ს ჟურნალისტი, რომელმაც განაცხადა, რომ მას და იქ მყოფ ხალხს თვალები ეწვით და ახველებენ.
განცხადება გაავრცელა შსს-მაც. უწყებაში ამბობენ, რომ აქციის მონაწილეები ცესკოს შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.
“აქციის მონაწილეები შეეცადნენ, შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში. ვინაიდან აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა.» — აღნიშნულია განცხადებაში.
ოპოზიციური პარტიები, ისინი ვინც საარჩევნო ბარიერი გადალახა («პატრიოტთა ალიანსის» გარდა) პარლამენტის წინ გამართული აქციის შემდეგ ცესკოს შენობასთან გადაინაცვლეს. ისინი ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას გადადგომას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.