ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
რამდენად მართებულია კორონავირუსის პანდემიის პირობებში წყლის ჭავლის გამოყენება? ამ კითხვაზე პასუხი ჩვენ სამცხე-ჯავახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებისგან და ინფექციონისტებისგან ვერ მივიღეთ.
ზოგმა გვითხრა, რომ ინფორმაცია არ ჰქონდა, ზოგიც “კომპეტენტური არ აღმოჩნდა”, ზოგს “ექსპერიმენტი არ ჩაუტარებია” და ზოგიც კითხვაში “პოლიტიკურ მოტივებს” ხედავდა.
ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მანანა რატიანი ჩვენმა კითხვამ გააღიზიანა, კომენტარი არ გაგვიკეთა და ტელეფონი გათიშა.
“ახლა თქვენ რა გინდათ ვერ გავიგე აგრძელებთ თემას? მე არ ვარ ვალდებული ჩემი აზრი თქვენ პირადად დაგიფიქსიროთ. მაშინ სხვა რამეზეც მკითხეთ აზრი, რამდენად სწორია ამ პანდემიის ფონზე ეს აქციები,” – და ტელეფონი გათიშა.
“არ გამიკეთებია ამაზე ექსპერიმენტი და ნამდვილად ვერაფერს გეტყვით,” – გვეუბნება ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი.
აქციაზე წყლის ჭავლის გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ აქვს ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს ტიგრან ეგოიანს.
“არ ვარ ინფორმირებული, არც კომპეტენცია მაქვს ამიტომ კომენტარს არ გავაკეთებ.”
რაც შეეხება ახალქალქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, ავეტის ტონკანიანს, მან კითხვის მოსმენის შემდეგ გვითხრა, რომ არ სცალია და ტელეფონი გათიშა.
ტელეფონს არ პასუხობენ არც ადიგენის და არც ახალციხის ჯანდაცვის ცენტრების ხელმძღვანელები.
ასევე, ჩვენთან “პოლიტიკური მოტივების” გამო კომენტარი არ გააკეთა არც ინფექციონისტებმა ქეთინო ჯინჭველაძემ და ანაიტ ლოკიანმა.